პარლამენტმა მაჰმადიანი მესხების დაბრუნების ვადა გაახანგრძლივა

პარალმენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს კანონპროექტში, რომელიც ითვალისწინებს გასული საუკუნის 40-იან წლებში საბჭოთა რეჟიმის მიერ დეპორტირებული მაჰმადიანი მესხების მიერ საკონსულოებში რეპატრიაციის შესახებ განაცხადების წარდგენის ვადის გახანგრძლივებას 2009 წლის 1 ივლისამდე, ნაცვლად 2009 წლის 1 იანვრისა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა, რომელმაც 23 დეკემბერს რიგგრაეშე სხდომაზე კანონპორექტი წარადგინა, განაცხადების მიღების ვადის ექვსი თვით გახანგრძლივების მიზეზად 2008 წელს ქვეყანაში ჩატარებული სამი არჩევნები [საპრეზიდენტო-იანვარში, საპარალემტო-მაისში და აჭარის უმაღლესი საბჭო-ნოემბერში] და ასევე აგვისტოს თვეში განხორიცლებული ”რუსეთის აგრესია” დაასახელა.

მომხსენებლის თქმით, ”კანონი ეხება ე.წ. თურქ-მესხებს  და კანონის ძირითადი არსი მდგომარეობს ვადის გადატანაში, რომელიც ეხება ამ ადამიანების მიერ განაცხადების შეტანას [საკონსულოებში რეპატრიაციის შესახებ]”.

კანონპროექტის თანახმად, მათ, ვისაც დაბრუნება სურთ, უნდა მიმართონ განაცხადით საქართველოს უახლოეს საკონსულოს.

აკაკი მინაშვილის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა საკონსულოებში დაახლოებით 900-მდე განაცხადია შესული. ”დინამიკა საკმაოდ მწირია,”- განაცხადა მან სხდომაზე.

კანონპროექტს პარლამენტი უკვე მესამე მოსმენით სავარაუდოდ 26 დეკემბერს მიიღებს.

მაჰმადიანები მესხების რეპატრიაციის შესახებ კანონის მიღება ნაწილია იმ ვალდებულების შესრულების, რომელიც საქართველოს ევროპის საბჭოს წინაშე აქვს აღებული 2011 წლამდე რეპატრიაციის პროცესის დასრულების თაობაზე.

 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version