რუსეთის ინტერესებს საქართველოში შვეიცარიის საელჩო წარმოადენს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შვეიცარიის მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა მისმა საელჩომ  წარმოადგინოს რუსეთის ფედერაციის ინტერესები საქართველოში.

”2 ოქტომბერს ეს მზადყოფნა გაფორმდა შვეიცარიის მთავრობის გადაწყვეტილებით,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება 3 ოქტომბერს, ”საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, საუბარია რუსეთის ინტერესების სექციის შექმნაზე შვეიცარიის საელჩოში თბილისში”.

სამინისტროს განცხადებით, უახლოეს ხანებში მომზადდება ეს გადაწყვეტილება დოკუმენტურად გაფორმებისთვის.

რუსეთის საგარეო უწყება იქვე აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი დაეხმარება რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას, რასაც ”დარტყმა მიაყენა ქართული მხარის გადაწყვეტილებამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე”.

”იმ პირობებში, როცა ორი ქვეყნის საელჩო ოფიციალურად ითვლება დახურულად, იურიდიულად შეუძლებელი გახდა მრავალი საკითხის, მათ შორის საკონსულო და ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტა,”- აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყება.

თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები სექტემბრის დასაწყისში რუსული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ გაწყვიტა, თუმცა შეინარჩუნა საკონსულო სამსახური რუსეთში იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვის მიზნით. რუსეთმა საელჩო თბილისში  3 სექტემბერს დახურა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version