ბურჯანაძე აგვისტოს მოვლენების გამოძიებას ითხოვს

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა გასცეს ”კომპეტენტური და დასაბუთებული” პასუხი კითხვას: შეიძლებოდა თუ არა აგვისტოს მოვლენების თავიდან აცილება და სხვა კითხვებს, რომელიც მთავრობის მიმართ საზოგადოებას უჩნდება.

”ჩემი საბოლოო პოზიცია დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ადეკვატურად იმოქმედებს ხელისუფლება და რამდენად ადეკვატურ პასუხს გასცემს ქვეყანაში არსებულ რეალობას,”- განაცხადა მან 12 სექტემბერს, აშშ-სა და ევროპაში ვიზიტებიდან დაბრუნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მისი თქმით, ამის მიხედვით გადაწყვეტს ”რა გადაწყვეტილებას მიემხრობა” და ”რა დოზით დადგება” ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი.

”თუ პასუხი იქნება, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩვენ არ გაგვიმარჯვია. ჩვენ ძალიან მწარედ დავმარცხდით ყველა მიმართულებით,”- განაცხადა მან, ”მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხი ჩავარდეს უიმედობაში”.

”გამოსავალი არის და გამოსავლის მიღწევა შეიძლება მხოლოდ სწორი ადეკვატური და რაციონალური ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში.  სხვა შემთხვევაში არა მარტო ეს მდგომარეობა შენარჩუნდება, არამედ შეიძლება უარესი მდგომარეობაც მივიღოთ,”- აღნიშნა მან.

ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ წრეებთან აქტიური კონსულტაციების შედეგად მოითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას.

”უნდა ჩატარდეს სერიოზული გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რა უძღოდა ამ მოვლენებს წინ და როგორ მოვედით ჩვენ ამ ვითარებამდე,”- განაცხადა მან.
 
”ვიცით, რომ კოკოითმა დაიწყო სროლები ქართული სოფლების მიმართულებით, ჩვენ ვიცით ისიც, რომ რუსეთმა არაფერი არ გააკეთა ამ სროლების შესაჩერებლად. ამის შემდეგ შესაძლებელი იყო თუ არა მოვლენების შემდგომი განვითარების თავიდან აცილება, შეიძლებოდა თუ არა სხვაგვარად ემოქმედა ხელისუფლებას, თუ ეს იყო ერთადერთი გზა, ამას სჭირდება არგუმენტირებული, დასაბუთებული, დოკუმენტური პასუხი და რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლებამ უნდა დაასაბუთოს, რადგან ინფორმაცია აქვს ხელისუფლებას, მან იცის რა იყო მოტივაცია ამ გადაწყვეტილების მიღების,”- განაცხადა ბურჯანაძემ.

მან იქვე აღნიშნა, რომ ”კატეგორიულად მიუღებელია ხელისუფლების მხრიდან კითხვების დასმის აკრძალვის მცდელობაც კი”.

მან ასევე განაცხადა, რომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი იყო, რომ რუსეთი ცდილობდა საქართველოს პროვოკაციაში ჩათრევას და დასავლელი პარტნიორები მუდმივად აფრთხილებდნენ თბილისს ამის წინააღმდეგ.

”სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ შევძელით ამ პროვოკაციის თავიდან აცილება,”- განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ დღეს ხელისუფლების მხრიდან არ არის ”პროპაგანდის” დრო. ”დღეს უნდა ითქვას სიმართლე, რაოდენ მწარეც არ უნდა იყოს ის,”- დასძინა მან.

”სიმართლე კი არის ის, რომ საქართველო იმყოფება უკიდურესას კრიტიკულ ვითარებაში, ბევრად უარეს მდგომარეობაში ვართ კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით, ვიდრე ბოლო 10 წლის განმავლობაში ვიყავით და პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ კონფლიქტების დარეგულირებასთან ჩვენ დღეს ახლოს არ ვართ,”- განაცხადა მან, ”თუმცა არცერთი ქართველი არ შეეგუება არასოდეს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვას”.

მან მოუწოდა მედიის მეტი თავისუფლებისაკენ და განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მაინც უნდა გაჩნდეს დისკუსიის გამართვის საშუალება. მისი თქმით, ”კატეგორიულად მიუღებელია ხელისუფლების მხრიდან კითხვების დასმის აკრძალვის მცდელობაც კი”.

”ნებისმიერი ასეთი მცდელობა არის ქვეყნის საზიანოდ მიმართული,”- განაცხადა მან, ”თუ ჩვენ დემოკრატიულ პროცესებს შევზღუდავთ, ის დახმარება, რომელიც დღეს საქართველოს დასავლეთის მხრიდან აქვს, აღარ გვექნება”.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ და ევროპა, სადაც ის ბოლო დღეების მანძილზე ვიზიტით იმყოფებოდა, სრულ მხარდაჭერას უცხადებს ”საქართველოს მოსახლეობას”.

”საქართველო არის და დარჩება ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი აშშ-სთვის იმის მიუხედავად, თუ რომელი პოლიტიკური პარტია მოვა ხელისუფლების სათავეში,”- აღნიშნა მან.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ პრესკონფერენციაზე საუბრისას ასევე დაადასტურა, რომ ის აპირებს პოლიტიკური პარტიის შექმნას, რისთვისაც აქტიურ კონსულტაციებს მართავს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გაიზიარებს ის გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ან ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ბედს ხელისუფლებასთან მწვავე დაპირისპირების შემთხვევაში, ბურჯანაძემ უპასუხა: ”მე არ ვთვლი, რომ რომ რამენაირი საფრთხე მემუქრება”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version