ოქრუაშვილი ადვოკატმა მოინახულა

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა არ იცის ვინ გადაიხადა მისი გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს თანხა – 10 მლნ ლარი, განაცხადა ოქრუაშვილის ადვოკატმა და თანაპარტიელმა ეკა ბესელიამ.


ბესელია ოქრუაშვილს მისივე სახლში შეხვდა, სადაც ყოფილი მინისტრი გათავისუფლების შემდეგ, 9 ნოემბერს ღამით მიიყვანეს.


”მე მომეჩვენა, რომ ის ადეკვატური არ იყო,”- განუცხადა ბესელიამ ჟურნალისტებს ოქრუაშვილთან შეხვედრის შემდეგ.


ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ ოქრუაშვილს სურს მისი ინტერესები კვლავაც მან დაიცვას.


8 ოქტომბერს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ოქრუაშვილის ხელნაწერი, სადაც ყოფილი თავდაცვის მინისტრი აცხადებდა, რომ მას ადვოკატად ბესელია აღარ სურდა. ოქრუაშვილის ინტერესებს მისი აღიარებითი ჩვენების დროს და სასამართლო პროცესზე ახალი ადვოკატი გიორგი პაპუაშვილი იცავდა.


პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სიცრუეა განცხადება თითქოს ოქრუაშვილი არაადეკვატური იყო. მისი თქმით, ოქრუაშვილი კარგად გრძნობს თავს.


9 ოქტომბერს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოქრუაშვილმა ოჯახთან ერთად დატოვა საქართველო, თუმცა როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია არასწორია.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version