რუსეთის სათათბირომ საქართველოზე განცხადება მიიღო

რუსეთის სათათბიროს დეპუტატებმა დღეს ერთხმად დაუჭირეს მხარი განცხადებას, რომელიც გმობს საქართველოს ხელისუფლების ”ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას” და მხარს უჭერს ქართულ ოპოზიციას, იუწყება ”ინტერფაქსი” 2 ოქტომბერს.


განცხადებაში ასევე შეშფოთებაა გამოთქმული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის უპირობო მხარდაჭერის გამო საქართველოს ხელისუფლებისადმი იმის მიუხედავად, რასაც ”საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციასთან მიმართებაში აკეთებს”.


”სახელმწიფო სათათბირო სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული უკანასკნელი პოლიტიკური მოვლენებით, რომლებმაც კიდევ ერთხელ აჩვენეს მთელი სიმწვავით პრობლემები დაკავშირებული სიტყვის თავისუფლებასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან,”- აცხადებს ”ინტერფაქსი” სათათბიროს განცხადებაზე დაყრდნობით.


სათათბიროს სპიკერმა ბორის გრიზლოვმა გუშინ განაცხადა, რომ განცხადების მიღება კავშირშია საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებასთან.


ქართველმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ”სასაცილოა”, როდესაც რუსი დეპუტატები საქართველოში დემოკრატიის ნაკლებობაზე საუბრობენ. 


”ცინიკურია, როდესაც ქვეყანა, რომელმაც ფეხქვეშ გათელა დემოკრატია, ამგვარ განცხადებას იღებს,” – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა.


”ჩვენ ნამდვილად გვაქვს პრობლემები დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან. მაგრამ რუსეთი არ არის ის სახელმწიფო, რომელსაც მორალური უფლება აქვს, რომ ჩვენ ამის შესახებ მიგვითითოს,” – განაცხადა დეპუტატმა მამუკა კაციტაძემ ”ახალი მემარჯვენეებიდან”.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version