ცხინვალისკენ მიმავალი გზა აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია განაახლა და 2 ივისს ცხინვალისკენ მიმავალი საავტომობილო გზა ჩაკეტა, იტყობინება ქართული მედია.


აქციის მონაწილენი, რომლებიც მათი სოფლებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების განახლებას მოითხოვენ, სოფელ ერგნეთთან შეიკრიბნენ. 


ცხინვალის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ სარწყავი წყლის მიწოდება ქართულ სოფლებს ივნისის დასაწყისში შეუწყვიტა, ცხინვალისთვის სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტის საპასუხოდ. თბილისის განცხადებით, ცხინვალისთვის სასმელი წყლის მიწოდება ივნისის შუა რიცხვებში აღდგა, თუმცა სამხრეთ ოსეთის მხარე საპასუხო ნაბიჯების გადადგმას არ ჩქარობს.


ანალოგიური საპროტესტო აქცია სოფელ ერგნეთთან1 ივლისსაც გაიმართა. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ სარწყავი წყლის გარეშე მათი მოსავალი განადგურდება.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 ივნისს ცხინვალს მოუწოდა ”მაქსიმალური თავშეკავება და კეთილი ნება გამოიჩინოს არსებულ პრობლემებთან, კერძოდ წყლის მომარაგების საკითხთან დაკავშირებით”.


ბოლო დღეებში კონფლიქტის ზონაში სროლები დაფიქსირდა, რის შედეგადაც ოთხი ქართველი და ორი ოსი დაიჭრა. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, ერთი ოსი მილიციელი სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვიით გარდაიცვალა.


მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს ცეცხლის გახსნაში. ქართულმა მხარემ ბრალი დასდო ასევე რუს სამშვიდობოებს ”უმოქმედობაში, რაც დანაშაულის ტოლფასია”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version