პოლონეთის პრეზიდენტმა თბილისში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო

პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თბილისში 15-16 აპრილს ვიზიტისას ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება ენერგოდივერსიფიკაციის მიზნით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, განაცხადა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ  პოლონეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ.


ამ წუთებში პრეზიდენტი სააკაშვილი პირისპირ ხვდება ლეხ კაჩინსკის, მოგვიანებით კი მას ნინო ბურჯანაძე შეხვდება.


”პოლონეთს ძალიან კარგად ესმის, ბევრად უკეთ ვიდრე ზოგჯერ ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიკაციას. არავინ არ საუბრობს ვინმეს ენერგეტიკული გზების ბლოკირებაზე ან ვინმესთვის პრობლემების შექმნაზე, მაგრამ თავისთავად ახალი დამატებითი გზების შექმნას აქვს დიდი მნიშვნელობა,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პოლონეთს ”მყარი პარტნიორი” უწოდა.


”და მე იმედი მაქვს, რომ როგორც პოლიტიკურ სფეროში, ასევე წარმატებულად ჩვენ განვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს ეკონომიკურ სფეროშიც,”- განუცხადა ბეჟუაშვილმა 16 აპრილს ჟურნალისტებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version