იტალია მხარს უჭერს საქართველოს თანამშრომლობას ნატოსა და ევროკავშირთან

იტალია მხარს უჭერს საქართველოს თანამშრომლობას ნატოსთან „ინტენსიური დიალოგის“ ფარგლებში და ასევე ევროკავშირთან, სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში, აცხადებს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 24 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილსა და მის იტალიელ კოლეგას მასიმო დალემას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.


ორმა მინისტრმა განიხილა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, „გაყინული კონფლიქტები“ თვითგამოცხადებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები.


„იტალია, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი 2007-2008 წლებში, აპირებს თავისი წვლილი შეიტანოს მდგრადი მოგვარების გზების ძიებაში, ხელი შეუწყოს დაძაბულობის შემსუბუქებას და დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენას“, – ნათქვამია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version