ევროკავშირი და ეუთო კონფლიქტების მოგვარების საქმეში “ინტენსიურად“ ითანამშრომლებენ

ევროკავშირის “ტროიკას“ და ეუთოს ერთობლივ სხდომაზე, რომელიც 23 იანვარს გაიმართა, ევროკავშირის და ეუთოს ოფიციალური წარმომადგენლები შეთანხმდნენ “უფრო ინტენსიურად ითანამშრომლონ“ სამხრეთ კავკასიასა და დნესტრისპირეთში არსებული რეგიონალური კონფლიქტების მოგვარების მიზნით.


“მთავარ მიზანს წარმოადგენს ამ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, რაც გზას გაუკვალავს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას“, – ნათქვამია ევროკავშირის გერმანული თავმჯდომარეობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.


ევროკავშირის “ტროიკას“ წარმოადგენდნენ გიუნტერ გლოსერი, გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში; ჰავიერ სოლანა, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო  პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში და მანუელ ლობო ანტუნესი, პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში. ეუთოს წარმოადგენდა მოქმედი თავმჯდომარე, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიგელ ანხელ მორატინოსი.


17 იანვარს სტრასბურგში ევროპარლამენტში გამოსვლისას  გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ “რუსეთის კონფლიქტებს თავის მეზობლებთან არ უნდა ედოს ტაბუ“ ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიალოგის დროს.    


  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version