სოხუმი თბილისთან სამშვიდობო შეთანხმების ინიციატივით გამოდის

სოხუმი მზად არის საერთაშორისო გარანტიების ქვეშ ხელი მოაწეროს თბილისთან სამშვიდობო შეთანხმებას, განაცხადა თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 15 დეკემბერს სოხუმში აფხაზ–აბაზგთა მსოფლიო კონგრესზე გამოსვლისას.


“გაეროს უშიშროების საბჭო და რუსეთის ფედერაცია, როგორც შუამავალი მხარე, უნდა გახდნენ საქართველოსა და [არაღიარებულ] აფხაზეთს შორის კონფლიქტის განუახლებლობის გარანტები“, – იუწყება დე ფაქტო პრეზიდენტის ვებ–გვერდი სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.


მისი თქმით, თბილისთან ურთიერთობები ახალ ხარისხობრივ ეტაპზე უნდა გადავიდეს და შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში ქართულმა მხარემ უარი უნდა თქვას  ძალის გამოყენებით მუქარასა თუ პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე.


სერგეი ბაღაფში ამავდროულად აცხადებს, რომ აფხაზეთის, როგორც “სუვერენული დემოკრატიული სახელმწიფოს“ სტატუსი არ გადაიხედება.


მან კონგრესზე გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა, რომ სოხუმი ცდილობს თბილისთან ცივილიზებულ დიალოგს, თუმცა ქართული მხარე სისტემატიურად უშლის ხელს მოლაპარაკებათა პროცესს. 


აფხაზ–აბაზგთა მსოფლიო კონგრესი სოხუმში დღეს გაიხსნა და მასში 31 ქვეყანაში აფხაზური დიასპორის 600–მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, იტყობინება “აფსნიპრესი”.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version