ცხინვალში აფეთქების შედეგად ქალი დაშავდა

ცხინვალის ცენტრში 23 ნოემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად ქალი დაიჭრა, იტყობინება თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


ამ ცნობის მიხედვით, 52 წლის ცხინვალელმა ქალბატონმა დელიზა შორტავამ  ქუჩაში სათამაშო მობილური ტელეფონი იპოვა, რომლის ჩართვის მცდელობას აფეთქება მოჰყვა.


ცხინვალში უკვე განაცხადეს, რომ ეს ქართული მხარის მიერ მოწყობილი ტერაქტი იყო.


ამასთან, ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტმა მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდა. “თვალი ადევნეთ, რომ თქვენმა შვილებმა არავითარ შემთხვევაში ხელში არ აიღონ ნაპოვნი სათამაშოები“, – ნათქვამია მიმართვაში.

დღესვე, მოგვიანებით დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა განაცხადა, რომ გამოძიება განიხილავს დაზარალებული შორტავას შესაძლო კავშირს ტერაქტის ორგანიზებასთან.

მინძაევის ვარაუდით, აფეთქება მოხდა მაშინ, როცა დენიზა შორტავა ცდილობდა ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოეყვანა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version