კოკოითი პრეზიდენტ სააკაშვილთან შესაძლო შეხვედრაზე საუბრობს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განცხადებით, იგი მზად არის შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს იმ პირობით, თუ საომარი მოქმედებების განუახლებლობისა და ძალის არ გამოყენების შესახებ მემორანდუმს მოეწერება ხელი, იუწყება “ინტერფაქსი“ 30 ოქტომბერს.


პრეზიდენტ სააკაშვილის კოკოითთან ბაკურიანში შეხვედრის შესახებ ინიციტივა პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 27 ოქტომბერს ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე გამოსვლისას გაახმოვანა.

თუმცა ცხინვალმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება შეხვედრის საქართველოს ტერიტორიაზე გამართვას.  


დღესვე ერთ-ერთი რუსული ტელე არხისთვის მიცემულ ინტერვიუში დე ფაქტო პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ “ნებისმიერი წინადადება საქართველოს მხრიდან ფედერაციის ან კონფედერაციის შექმნის შესახებ არ მიიღება“.


“ისტორიამ უკვე გვასწავლა, რომ საქართველოსთან თანაარსებობა სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის სახიფათოა“, – დასძინა მან გაიხსენა რა საქართველოს მიერ გასული საუკუნის 20–იან და 80–იან წლებში ოსების წინააღმდეგ განხორციელებული “გენოციდი”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version