სააკაშვილი ლიტვას ევროკავშირი-რუსეთის სამიტზე საქართველოს საკითხის დაყენებას სთხოვს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ლიტვის პრეზიდენტს ვალდას ადამკუსს 20 ოქტომბერს ფინეთში ევროკავშირის ლიდერების და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხის დაყენება სთხოვა, იტყობინება ლიტვის პრეზიდენტის პრესსამსახური.


ვალდას ადამკუსს, რომელიც ამჟამად ფინეთში ევროკავშირის ლიდერთა სამიტს ესწრება, სატელეფონო საუბარი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტთან.


“პრეზიდენტმა სააკაშვილმა სთხოვა პრეზიდენტ ადამკუსს უფრო აქტიური პოზიცია დაიკავოს სამხრეთ კავკასიის ამ სახელმწიფოზე რუსეთის ეკონომიკური ბლოკადის მიმართ“, – იტყობინება ლიტვის პრეზიდენტის პრესსამსახური.


ამავე ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა ადამკუსმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ლიდერები გაითვალისწინებენ  საქართველოს თხოვნას მხარდაჭერაზე. მან იქვე დასძინა, რომ საქართველოს საკითხი სამიტის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version