თბილისი: რუსული სანქციები ევროატლანტიკურ კურსს ვერ შეცვლის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის აგრესიული განცხადებები და არაადეკვატური ქმედებები ვერ შეაჩერებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. 


თბილისი “პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას: საქართველოდან მცენარეული წარმოშობის პროდუქციის, ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტის აკრძალვას,  ერთადერთი ლეგიტიმური საბაჟო-გამშვები პუნქტის – ზემო ლარსის – დახურვას, ყველა სახის სატრანსპორტო კავშირის შეწყვეტას, რაც არსებული შეთანხმებების “უხეში“ დარღვევით მოხდა.


“მიუხედავად რუსული მხარის ქმედებებისა საქართველო ღია რჩება ნებისმიერი ქვეყნის სატრანსპორტო კომპანიებისთვის“, – აცხადებს ოფიციალური თბილისი.


საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ყურადღებას ამახვილებს რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების წინააღმდეგ დაწყებულ რეპრესიულ ქმედებებზეც, “რის შედეგადაც რუსეთის საზოგადოებაში მკვიდრდება აგრესიული ქსენოფობია“.


“სამწუხაროდ, მოსკოვი ვერ აცნობიერებს, რომ ამგვარი პოლიტიკით ააშკარავებს თავის ჭეშმარიტ სახეს მსოფლიო თანამეგობრობის თვალში“, – აცხადებს საგარეო უწყება.


ოფიციალური თბილისი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს წინ მიმდინარე პერმანენტული აქციების აგრესიულ ხასიათზე და აფასებს მათ როგორც 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის უხეშ დარღვევას.


“სამინისტრო კვლავ მოუწოდებს რუსეთის მხარეს დაუყოვნებლივ აღკვეთოს მსგავსი დანაშაულებრივი და ვანდალური ქმედებები, უზრუნველყოს დიპლომატიური მისიის შენობისა და დიპლომატების უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ყველა შესაძლო შედეგების გათვალისწინებით დაეკისრება რუსეთის მხარეს“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინიტრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version