აშშ მიესალმება რუსი ოფიცრების გათავისუფლებას

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტომ კეისიმ 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ ვაშინგტონი მიესალმება საქართველოს გადაწყვეტილებას “გასულ კვირას დაპატიმრებული ოთხი რუსის დაბრუნებაზე და ძალიან ვაფასებთ იმ როლს, რომელიც შეასრულა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ გადაცემის ხელშეწყობის საქმეში“.


“[ამერიკის შეერთებული შტატები] მოუწოდებს რუსეთის და საქართველოს მთავრობებს განაგრძონ დაძაბულობის შემცირებისკენ მიმართული ქმედებები… აშშ-ს როლი ამგვარ სიტუაციებში არის ის, რომ შეეცადოს და მოუწოდოს მეზობლებს მშვიდობიანი გზით მოაგვაროს უთანხმოებები. ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთთან და ასევე რუსეთს კარგი ურთიერთობები ჰქონდეს საქართველოსთან“, – განაცხადა ტომ კეისიმ.


კითხვაზე რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერებთან შეხვედრის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, კეისიმ განაცხადა: “რაც ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია არის ის, რომ მოგვარდეს ეს უთანხმოებები და მხოლოდ იმ გზით, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ნებისმიერი საუბრები, რომლებიც დაეხმარება ამ მცდელობებს ნამდვილად მისაღებია. ხოლო ის, რომელიც ვერ დაეხმარება ამას, მიუღებელია“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version