ოქრუაშვილმა რუსი “ჯაშუშების“ ექსტრადირება არ გამორიცხა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 29 სექტემბერს ტელეკომპანია “იმედს“ განუცხადა, რომ საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული რუსი სამხედრო ოფიცრების ექსტრადირება შესაძლებელია.


“მათ [რუსეთის ხელისუფლებას] მხოლოდ ერთადერთი რესურსი დარჩათ: დაარწმუნონ ჩვენი უცხოელი მეგობრები იმაში, რომ [გვირჩიონ] გამოვიჩინოთ კეთილი ნება და ეს ადამიანები [ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები] უბრალოდ გავაძევოთ ქვეყნიდან“,  – განაცხადა ოქრუაშვილმა.


“საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი ადამიანი [ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი] ექვემდებარებოდა ქვეყნიდან გაძევებას. ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ ასეთ ნაბიჯამდე. მე ამას არ გამოვრიცხავ. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები და რომელთაც ბრალი ედებათ სამშობლოს ღალატში, მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს კანონის წინაშე“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version