საქართველო “დადებითად ეკიდება” ლატვიის პრეზიდენტის კანდიდატურას გაეროს გენმდივნის პოსტზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 სექტემბერს განაცხადა, რომ ის “გაგებით და დადებითად ეკიდება“ ლატვიის პრეზიდენტის ვაირა ვიკე-ფრაიბერგას კანდიდატურის წარდგენას გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე.


ეს საკითხი 19 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი მანჯგალაძის და საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ეგონს ნეიმანის შეხვედრაზე იქნა განხილული, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.


“მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კონსულტაციებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა საგარეო უწყებამ.


გაეროს უშიშროების საბჭო შვიდი კანდიდატიდან ერთს შეარჩევს და წარუდგენს დასამტკიცებლად 192-წევრიან გენერალურ ასამბლეას, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკშია შეკრებილი.


გავრცელებული ინფორმაციით, ლატვიის პრეზიდენტის კანდიდატურას რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგებიან.



 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version