ნოღაიდელი კვიციანის მუქარას ეხმაურება

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს კომენტარი გააკეთა კოდორის ხეობის ამბოხების მეთაურის ემზარ კვიციანის მუქარაზე –  პარტიზანული მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ სახიფათო ამაში არაფერი არ არის. 


ემზარ კვიციანის ვიდეო-მიმართვა, სადაც ხელისუფლებას ზემო აფხაზეთში პარტიზანული მოქმედებების დაწყებით ემუქრება, 10 სექტემბერს ტელეკომპანია “იმედის“ საკვირაო გადაცემა „დრებაში“ გადაიცა.


“ჩვენ ემზარ კვიციანის მუქარები ერთხელ უკვე მოვისმინეთ და შესაბამისად თქვენთვის [ჟურნალისტებისთვის] მომინდვია მისი მუქარების მოსმენა თუ გინდათ და თუ გაინტერესებთ“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.


კითხვაზე იცის თუ არა ემზარ კვიციანის ადგილსამყოფელის შესახებ, ზურაბ ნოღაიდლემა განაცხადა, “ინფორმაცია რომც მქონდეს თქვენ ამის შესახებ არაფერს არ გეტყვით“.


“სხვა მხრივ კოდორში მიდის ძალიან მნიშვნელოვანი აღმშენებლობის პროცესი, ასევე ხორციელდება სერიოზული საინვესტიციო პროგრამები და შესაბამისად მალე ზემო აფხაზეთში განთავსდება აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version