მოსკოვი თბილისსა და ცხინვალს თავშეკავებისაკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო 9 სექტემბერს საქართველოსა და თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთს “მაქსიმალური თავშეკავებისაკენ“ მოუწოდებს და მზადყოფნას გამოთქვამს მხარეებს შორის იშუამავლოს დაძაბული ურთიერთობების განეიტრალების მიზნით.


“ვაცნობიერებთ რა ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილ ფეთქებადსაშიშ სიტუაციას, მოვუწოდებთ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებებს გამოავლინონ მაქსიმალური თავშეკავება და მიიღონ ყველა ზომა ახალი საშიში ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც შესაძლოა ფართომასშტაბიან შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სიტუაცია ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით გამწვავდა. 8 სექტემბერს სოფელ ნიქოზთან მომხდარ შეიარაღებული შეტაკებას ქართულ მხარეს ერთი პოლიციელი, ხოლო ოსურ მხარეს სამი მილიციელი ემსხვერპლა. ასევე 8–9 სექტემბრის ღამეს ცხინვალის მახლობლად ისმოდა სროლები, თუმცა დაშავებულები არ არიან.


“კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობო ძალები ეუთოს დამკვირვებლებთან ერთობლივი ძალისმევით ყველაფერს აკეთებენ, რათა სიტუაციაზე კონტროლი შეინარჩუნონ და არ დაუშვან ძალადობა თავიანთი პასუხისმგებლობის ზონაში“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო მაშინ, როცა თბილისი რუს სამშვიდობოებს ცხინვალისადმი მიკერძოებაში ადანაშაულებს.


მოსკოვი მიესალმება 8 სექტემბერს ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების თანათავმჯდომარეებისა და სამშვიდობო ძალების სარდლის შეხვედრის ფაქტს. “ასეთმა კონტაქტებმა ხელი უნდა შეუწყონ რეგიონში მდგომარეობის სტაბილიზაციას“, – აცხადებს საგარეო უწყება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version