მოსკოვი თბილისს კოდორის მიმართ პოლიტიკის გამო აკრიტიკებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო 7 სექტემბერს აცხადებს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესი “ჩიხშია შესული“ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ზემო კოდორის ხაობაში ძალები გააგზავნა.


თბილისმა ივლისის ბოლოს კოდორის ხეობაში ამბოხების წინააღმდეგ ზემო აფხაზეთში “საპოლიციო ოპერაცია“ ჩაატარა.


“ამ ქმედებებმა კვლავ მოიტანა კონფრონტაციის სერიოზული ელემენტები და დაბლოკა რამდენიმე წლის პაუზის შემდეგ ახლადაღდგენილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში პირდაპირი დიალოგი [ქართულ და აფხაზურ] მხარეებს შორის“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


მოსკოვმა ასევე დაგმო ქართული მხარის ნაბიჯი, რომელიც “ე.წ აფხაზეთის დევნილი მთავრობის“ ზემო კოდორის ხეობაში განთავსებას ეხება.


“კოდორის ხეობაში გარკვეული სტრუქტურების შექმნის მცდელობა, რომელიც  ხალხის მიერ არჩეული აფხაზეთის [დე ფაქტო] ხელისუფლების ალტერნატიული იქნება, აპრიორი კონტრპროდუქტიულია და შედეგად შეიძლება მოუტანოს გაუარესება როგორც ქართულ–აფხაზურ ურთიერთობებს, ისე დარეგულირების მთელ პროცესს“, –  ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს კომენტარში.


რუსული მხარე ასევე აკრიტიკებს თბილისს იმის გამო, რომ ქართული მხარე აპირებს კოდორის ხეობის რეაბილიტაციისათვის თანხების მოსაზიდად საერთაშორისო კონფერენციის მოწვევას. ეს ინიციატივა აფხაზეთის ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ გაახმაურა.


მოსკოვი ასევე მოუწოდებს თბილისს გაიყვანოს ძალები კოდორის ხეობიდან და დათანხმდეს მონიტორინგის დაწყებას ამ ტერიტორიაზე გაეროს დამკვირვებელთა და აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების მონაწილეობით.


აღსანიაშნავია, რომ თბილისი მონიტორინგის განხორციელებას ემხრობა მხოლოდ გაეროს დამკვირვებელთა მონაწილეობით.


რუსეთის დიპლომატიური უწყება აცხადებს, რომ რუსული მხარე მონიტორინგის საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოზე დააყენებს, სადაც აფხაზეთში შექმნილ სიტუაციაზე მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში იმსჯელებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version