ცხინვალის რეგიონში ეუთოს დონორთა კონფერენციის პროექტების განხორციელება მალე დაიწყება

სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება ეუთოს დონორთა კონფერენციის დროს შეთანხმებული პროექტების განხორციელების პროცესი, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის როი რივის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც 5 სექტემბერს მინისტრის მოადგილეს გიორგი მანჯგალაძეს შეხვდა.


ეუთოს დონორთა კონფერენცია ბრიუსელში 14 ივნისს გაიმართა, რომლის დროსაც დასავლელმა დონორებმა სამხრეთ ოსეთის რეაბილიტაციისთვის 8 მილიონი ევრო გამოყვეს.


გიორგი მანჯგალაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული მხარე დონორი ქვეყნების მიერ მობილიზებული თანხების ეკვივალენტურ ფინანსურ სახსრებს გამოყოფს.


მან ამავდროულად შეშფოთება გამოთქვა პროექტების დაფინანსებაზე რუსეთის პოზიციის გამო. რუსეთმა კონფერენციის ფარგლებში 3 მილიონი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა, თუმცა ეს თანხა ცხინვალის რეჟიმს პირდაპირ გადაეცემა.


“ამგვარი მიდგომა პროცესს ხდის არატრანსპარენტულს. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ეს თანხა შეიძლება გამოყენებულ იქნას რაიმე დესტრუქციული მიზნებისთვის, კერძოდ, სეპარატისტების მიერ იარაღის შეძენისათვის“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინიტრო. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version