ანთაძე რუსულ “დესტაბილიზაციასა” და ცხინვალთან დიალოგის ახალი ფორმატის შექმნაზე საუბრობს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მერაბ ანთაძის განცხადებით, რუსეთი საქართველოში “დესტაბილიზაციის“ მოწყობას ცდილობს, რისი დადასტურებაც არის სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონასთან ახლოს, საჩხერის რაიონში 3 სექტემბერს მომხდარ ინციდენტი, რომლის დროსაც ქართულ ვერტმფრენს “ოსურმა ბანდფორმირებებმა” ცეცხლი გაუხსნეს. 


“მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელისუფლების გეგმებში არის საქართველოში სერიოზული დესტაბილიზაციის და საომარი მოქმედებების გაჩაღება, რასაც გუშინდელი მოვლენა ადასტურებს“, – განაცხადა 4 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბ ანთაძემ.


მისი თქმით, ქართული მხარე არ დაუშვებს ამ პროვოკაციებში ჩართვას და  “წინ აღუდგება ნებისმიერ ასეთ ქმედებას“.


ანთაძემ “მიუღებელი” უწოდა ოსური მხარის განცხადებას, თითქოს სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცე დაირღვა.


“საქართველოს საჰაერო სივრცე არის ერთიანი. ის არავის მიერ არ ყოფილა დანაწევრებული და არავითარი სანქციები ან გარკვეული ნებართვები გადაფრენების შესახებ საქართველოს არ სჭირდება“, – განაცხადა მერაბ ანთაძემ


სახელმწიფო მინისტრი ასევე გამოვიდა ინიციატივით შეიქმნას თბილისი–ცხინვალის ორმხრივი დიალოგის ფორმატი, რომელზეც მხარეები მოლაპარაკებათა არსებული მექანიზმის  – შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) –  ფარგლებში უნდა შეთანხმდნენ.


ანთაძის განცხადებით, ახალი ფორმატის პირობებში იმოქმედებენ “ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები და გარანტორები“ საერთაშორისო თანამეგობრობიდან, რომლებიც სამშვიდობო გეგმის განხორციელებას და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას შეუწყობენ ხელს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version