თბილისი კოდორთან მიმართებაში პოლიტიკას არ შეცვლის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კოდორის ხეობაში  სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება ლეგიტიმური მთავრობის მიერ, რომელიც კოდორში განლაგდება კვლავაც გაგრძელდება „იმის მიუხედავად თუ რას ფიქრობს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო“.
 
რუსეთის საგარეო საქემთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 23 აგვისტოს გაზეთ „იზვესიასთავის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში მომხდარმა მოვლენებმა  და  საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ კოდორის ხეობაში „დევნილი აფხაზეთის მთავრობის“ განთავსების თაობაზე, მკვეთრად გაამწვავა ვითარება და  „შექმნა ჩიხი მოლაპარაკებების პროცესში“.
 
„რეგიონში დესტაბილიზაციასა და მდგომარეობის დაძაბვას ხელს უწყობს სწორედ სეპარატისტების ლიდერის მიერ კოდორის ხეობაზე კონტროლის ძალის გამოყენებით აღდგენის შესახებ აგრესიული განცხადებები და რუსეთის მიერ ასეთი განცხადებების მხარდაჭერა“, – ნათქვმია საგარეო საქმეთა სამინისტროს 23 აგვისტოს განცხადებაში.
 
სამინისტროს ინფორმაციით, „უახლოეს მომავალში კოდორის ხეობაში განხორციელდება მონიტორინგი გაერო-ს დამკვირვებელთა მიერ.“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version