სააკაშვილი კოდორის ხეობის რეაბილიტაციაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი კოდორის ხეობაში დაწყებული რეაბილიტაციის ტემპებით უკმაყოფილოა და პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს ამ პროცესის თვენახევარში დასრულებას ავალებს.


„ეს არის ძალიან კატეგორიული დავალება. ყველანი აგებთ ამაზე პასუხს“, – განაცხადა 15 აგვისტოს მთავრობის საგანგებო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა.


პრეზიდენტის განცხადებით, კოდორის ხეობაში ისეთი ინფრასტურქტურა უნდა შეიქმნას, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ თავი ცივილიზებული სამყაროს ნაწილად იგრძნოს, ხოლო აფხაზეთის დანარჩენმა ნაწილმა დაინახოს თუ „რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს მთავრობას უმოკლეს პერიოდში”.


„ვანო მერაბიშვილმა ჩაიბაროს კოდორი და ვანო მერაბიშვილმა აგოს პასუხი, რომ სექტემბრის ბოლოს იქ გვქონდეს ისეთი ინფრასტრუქტურა, რომ მერე არავის ხელი არ წაუცდეს რაიმე სახის პროვოკაციების მოწყობაზე”, – განაცხადა სააკაშვილმა.


„კოდორში უნდა იყოს ისეთი აღმშენებლობა ამ თვენახევარში, რომ დანარჩენმა აფხაზეთმა დაინახოს ის რაც მათ ვერ გააკეთეს ომის [ქართულ-აფხაზური]შემდეგ 11 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ აფხაზეთის ტერიტორიის ამ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ადგილზე გააკეთა ერთ თვეში. ეს იქნება გაკვეთილი ყველასათვის, მათ შორის სეპარატისტებისთვის და მათი მფარველებისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


პრეზიდნეტის თქმით, კოდორში უნდა შეიქმნას მთლიანად ახალი ინფრასტრუქტურა, კერძოდ საჭიროა ახალი მინი ქალაქების და ახალი აეროდრომის აშენება.


 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version