თბილისი კოდორის ხეობის მონიტორინგში რუსი სამშვიდობოების ჩართვის წინააღმდეგია

ქართული მხარე კოდორის ხეობის მონიტორინგს საერთაშორისო მისიის მიერ, რუსი სამშვიდობოების მონაწილეობის გარეშე, ითხოვს.


„ჩვენ დავაფიქსირეთ საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომ მონიტრინგში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ისინი არ არიან ობიექტურები და თავიანთ მანდატს ვერ ასრულებენ. ამრიგად, მათ არაფერი ესაქმებათ კოდორის ხეობაში“, – განაცხადა 15 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უცხოური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მამუკა კუდავამ.  


„ქვემო კოდორის ხეობაში მანდატის მიხედვით გაეროს მისიამ უნდა ჩაატაროს მონიტორინგი რეგულარულად. ეს კატეგორიულად მოვითხოვეთ. ამაზე გაერომ გვიპასუხა, რომ ამას ისინი, რა თქმა უნდა, განახორციელებენ“, დასძინა მამუკა კუდავამ.


საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საგარეო უწყების, თავდაცვის, შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა  საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს კოდორის ხეობაში არსებული ვითარება გააცნეს და მონიტორინგის ჩატარების მზადყოფნის  თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.


ამ დროისთვის ქართული მხარე გაეროს დამკვირვებელთა მისიისგან ელოდება ინფორმაციას მონიტორინგის დაწყების შესახებ. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა 20 აგვისტოდან კოდორის ხეობაში მონიტორინგის ჩატარების თაობაზე და გაეროს დამკვირვებელებს ტრანსპორტირების და  უსაფრთხოების სრული გარანტია მისცა.


„ჩვენ ვართ მზად ამ მონიტორინგისთვის. ბუნებრივია გაეროს მისიასთან იქნება დეტალები შეჯერებული, ჩვენ ველოდებით მათგან იმ მოთხოვნებს, რომელიც მისიას გააჩნია“, – განუცხდა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძემ.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი მანჯგალაძის განცხადებით, კოდორის ხეობაში სახმელეთო მონიტორინგი განხორციელდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version