ცხინვალი სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელთა შეხვედრას მოითხოვს

ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე, რომელიც 17-18 აგვისტოს მოსკოვში გაიმართება, ოსური მხარე კონფლიქტის მოგვარების სამოქმედო გეგმის დეტალებზე მომუშავე ერთობლივი ჯგუფების მუშაობის დაწყების, სამართალდაცავი ორგანოების თანამშრომლობისა და შსკ-ს ფარგლებში მხარეთა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელთა შეხვედრის საკითხებს დააყენებს.


ამის შესახებ 14 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინება შსკ-ში ოსურ მხარეზე დაყრდნობით.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის პირველი შეხვედრა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან მიხეილ მინძაევთან, რომელიც 22 ივნისს ცხინვალში შსკ-ს ფორმატში გაიმართა, რეალური შედეგების გარეშე დასრულდა.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძემ 8 აგვისტოს განაცხადა, რომ „შერეული საკონტროლო კომისიის მომავალ სხდომაზე, ქართული მხარე გეგმავს დააყენოს 1992 წლის დაგომისის შეთანხმების გადახედვის საკითხი“. სოჭის შეთანხმების შედეგად, რომელიც ასევე ცნობილია დაგომისის შეთანხმების სახელით, შეიქმნა შერეული სამშვიდობო ძალები ქართული, ოსური და რუსული ბატალიონების შემადგენლობით და ასევე ოთხმრივი შერეული საკონტროლო კომისია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version