საგარეო უწყება: აფხაზეთის მოლაპარაკებათა ფორმატებმა შესაძლებლობები ამოწურეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი 1 აგვისტოს აცხადებს, რომ კონფლიქტების მოგვარების მოლაპარაკებათა არსებულმა ფორმატებმა ამოწურეს თავის შესაძლებლობები იმ ფონზე, როცა რუსეთი “არსებითად არის კონფლიქტის მხარე და არა მედიატორი“.


“აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური და უშუალო ჩართვა საქართველოში არსებული ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების პროცესში“, – აცხადებს საგარეო უწყება.


ამასთან, ქართული მხარე კვლავ ადასტურებს მზადყოფნას გამართოს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან პირდაპირი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი, რაც “საფუძველს ჩაუყრის კონფლიქტის დარეგულირების ახალ ფორმატს“.


ამის შესახებ საუბარია კომენტარში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა რუსი კოლეგების 31 ივლისის განცხადების საპასუხოდ, რომელიც კოდორში შექმნილ მდგომარეობას და იქ ქართული ძალების შეყვანას ეხება.


ქართული მხარე აღნიშნავს, რომ კოდორის ხეობიდან დაწყებულია სპეცდანიშნულების რაზმების გამოყვანის პროცესი, რომელიც დასრულდება შეიარაღებული კრიმინალების სრული გაუვნებელყოფის შემდეგ. ამასთან, მართლწესრიგის დაცვისათვის აუცილებელი პოლიციის ქვედანაყოფები დარჩება ხეობაში.


“რეალური ფაქტი ის არის, რომ კოდორის ხეობაში მყარდება წესრიგი და აფხაზეთში, საქართველო ბრუნდება ლეგიტიმური ხელისუფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.


თბილისი აცხადებს, რომ კოდორის ხეობაში უსაფრთხოების აღდგენის შემდეგ შეიქმნება ყველა წინაპირობა გაეროს მონიტორინგის ჩატარებისათვის, რომელიც 3 წლის წინ “სწორედ უსაფრთხოების არარსებობის გამო“ შეწყდა.


“ამასთან ერთად ანალოგიური ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ასევე აფხაზეთის, საქართველო დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მათ შორის გუდაუთის სამხედრო ბაზაზე და განსაკუთრებით საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე, საიდანაც, კონკრეტულად კი რუსეთის ტერიტორიიდან, უკონტროლოდ შემოედინება შეიარაღება სეპარატისტული ხელისუფლებისათვის და გადმოდიან შეიარაღებული ე.წ. “მოხალისეთა“ ჯგუფები“, –  აცხადებს საგარეო საქმეთა სამინიტრო.


საგარეო უწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო იყო და რჩება კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი მოგვარების მომხრე.


“რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებებს რუსეთის საზღვრების სიახლოვეს სამხედრო ოპერაციის ჩატარების თაობაზე, ჩვენ დიდი ხანია შევეგუეთ ასეთ რეალობას საქართველოს საზღვრების ჩრდილოეთით“, – ნათქვამია საგარეო უწყების კომენტარში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version