ბურჯანაძე კოდორის ხეობაში იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მოუწოდა ემზარ კვიციანსა და მისი ჯგუფის “მონადირის“ წევრებს დაყარონ იარაღი და შეწყვიტონ დაუმორჩილებლობა.


“მოვუწოდებ კვიციანს და სხვებს დაყარონ იარაღი და ნუ გამოვლენს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ბურჯანაძემ.


მისი თქმით, “უამრავი ძალაა” დაინტერესებული კოდორის ხეობაში შექმნილი ვითარება სიტუაციის უარესად დაძაბვისათვის გამოიყენოს.


“ჩვენ მოვახერხებთ ამ ინციდენტის უსწრაფესად გადაწყვეტას სწორედ ერთიანი საზოგადოებრივი აზრის გამოყენებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 


მას შემდეგ, რაც 22 ივლისს ემზარ კვიციანმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადა საქართველოს ხელისუფლებას, ნინო ბურჯანაძემ მის წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა.


გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები მესტიაში იმყოფებიან, სადაც ასევე განლაგდა მათ მიმართ დაქვემდებარებული ძალების ნაწილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version