თბილისი მოსკოვს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი “მუქარის შემცველი“ განცხადებები მათი მზადყოფნის შესახებ დაიცვან საკუთარი მოქალაქეები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაა.

საგარეო უწყებამ ასევე მიმართა “მსოფლიო თანამეგობრობას, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით“.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაზეთ “კომერსანტს“ განუცხადა, რომ რუსეთი დაიცავს თავის “მოქალაქეებს ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით“.


“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მსგავსი სახის ქმედებებს აფასებს, როგორც საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების, მათ შორის გაეროს წესდების უხეშ დარღვევას, რომლის მე-4 მუხლის თანახმადაც „გაეროს ყველა წევრი ვალდებულია თავი შეიკავოს საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის ან ძალის მუქარის გამოყენებისგან, როგორც ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული ხელშეუხებლობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ისე რაიმე სხვა ფორმით, რაც არ არის თავსებადი გაეროს მიზნებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.


საგარეო უწყება ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს მხარე მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა წინ აღუდგეს ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version