პრემიერ-მინისტრი სამშვიდობოებს აკრიტიკებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 17 ივლისს განაცხადა, რომ მთავრობა იმედოვნებს, რომ პარლამენტი „რადიკალურ“ დადგენილებას მიიღებს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებულ რუს სამშვიდობოებთან დაკავშირებით. 
 
„სამშვიდობოები არც ცხინვალის რეგიონში, არც აფხაზეთში თავიანთ მანდატს არ ასრულებენ. უფრო მეტიც, პრაქტიკულად ყველა ინდიკაციაა იმისა, რომ ისინი არც აპირებენ თავიანთი მანდატის შესრულებას. ამიტომ, ჩვენ ყველა ველით  პარლამენტის მიერ რადიკალური გადაწყვეტილების მიღებას“, – განუცხადა ნოღაიდელმა ჟურნალისტებს.


დღესვე ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და განაცხადა, რომ სამშვიდობოების გაყვანაზე “პრინციპული გადაწყვეტილება” მიღებულია. “მის აღსრულებას არაფერი უდგას წინ”, – დასძინა ოქრუაშვილმა. 
 
საქართველოს პარლამენტი დადგენილებას სამშვიდობოების შესახებ 18 ივლისის სხდომაზე მიიღებს. მიუხედვადა იმისა, რომ დადგენილება დაავალებს მთავრობას უზრუნველყოს სამშვიდობოების გაყვანა, გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტში არ იქნება მითითებული ამ მოთხოვნის განხორციელების ზუსტი ვადები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version