ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტში ყაზახეთიც ჩაერთვება

ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის განცხადებით, ყაზახეთი ივნისიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტს შეუერთდება, იუწყება “რია ნოვოსტი“ 8 ივნისს.


“მიმდინარე თვეს ჩვენ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან ხელს მოვაწერთ შეთანხმებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე ყაზახეთის მიერთების შესახებ“, – განაცხადა ნურსულთან ნაზარბაევმა.


პირველი ეტაპისთვის შეთანხმება ითვალისწინებს ყაზახეთის პორტ აქტაუდან ბაქოში ნავთობის ტანკერებით ტრანსპორტირებას, რაც წელიწადში დაახლოებით 7,5 მლნ ტონას შეადგენს.


ყაზახეთის ამ პროექტში ჩართვის შესახებ პირველი განცხადება მარტში ყაზახეთში ვიზიტად მყოფმა აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრმა სამუელ ბოდმანმა ნურსულთან ნაზარბაევთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.


თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ჯეიჰანის საზღვაო ტერმინალიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საშუალებით ტრანსპორტირებული პირველი ნავთობის დასავლეთის ბაზრებზე ექსპორტი 5 ივნისს განხორციელდა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version