ირანთან გარიგება ნაწილობრივ შეამსუბუქებს გაზის დეფიციტს

საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტმა დავით ინგოროყვამ 28 იანვარს განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანი-ირანის გაზსადენზე, რათა შესაძლებელი გახდეს ირანიდან ყოველდღიურად 2 მილიონი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება საქართველოში.


დავით ინგოროყვამ, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანში იმყოფება, “სივილ ჯორჯიასთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ გაზის მოწოდება ირანიდან სავარაუდოდ 29 იანვრიდან, ან არაუგვიანეს 30 იანვრიდან დაიწყება.


შეთანხმებას გაზის იმპორტის თაობაზე საქართველომ და ირანმა 27 იანვარს მიაღწიეს, თუმცა ამ გარიგების დეტალები, მათ შორის ფასის თაობაზე, უცნობი რჩება.


საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, თუ რამდენის გადახდა მოუწევს საქართველოს ირანულ გაზში და დაადასტურა საქართველოს სხვა ოფიციალური პირების მიერ ადრე გაკეთებული განცხადება, რომ “ფასი სიმბოლური იქნება“.


27 იანვარს საგანგებო თათბირზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ირანული გაზი 120 აშშ დოლარი ეღირება, რაც რუსეთიდან მოწოდებულ გაზს 10 აშშ დოლარით აღემატება. სააკაშვილის თქმით, საქართველო ირანიდან გაზს “ხელსაყრელ ფასად“ შემოიტანს.             


სააკაშვილმა ირანთან მიღწეულ შეთანხმებას მნიშვნელოვანი გარდატეხა უწოდა საქართველოს მცდელობაში იპოვოს გაზით მომარაგების ალტერნატიული წყარო.


“ჩვენ ვქმნით მექანიზმს, რომლითაც მომავალში, როცა იქნება ასეთი ტიპის შეზღუდვები [გაზზე] ან რაიმე სხვა სახის ავარია [გაზსადენებზე], ჩვენ მივიღებთ ასეთივე წესით ბუნებრივ აირს და ეს არის ძალიან კარგი მექანიზმი, რომელიც შეიქმნა“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა. და რუსეთშიც უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ალტერნატივა უკვე გვაქვს”, – დასძინა მან.     


დავით ინგოროყვა არ გამორიცხავს, რომ ირანიდან გაზის შემოდინება რუსეთიდან გაზის მოწოდების აღდგენის შემდგომაც გაგრძელდეს.


რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებოდნენ 28 იანვარს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის “კავკაზტრანსგაზის“ ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით, რომ აფეთქებულ გაზსადენებზე სარემონტო სამუშაოები “საბოლოო ეტაპს უახლოვდება“.


ირანული გაზი საქართველოში აზერბაიჯანის გავლით – საქართველო-აზერბაიჯანის გაზსადენის მეშვეობით შემოვა. ეს გაზსადენი გასულ წელს აღადგინეს.


“ამჟამად საქართველო 2-2,5 მილიონ კუბურ მეტრ გაზს იღებს აზერბაიჯანიდან. ამას დაემატება კიდევ 2 მილიონი მას შემდეგ, რაც ირანი გაზის მოწოდებას დაიწყებს“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ დავით ინგოროყვამ, თან იქვე დასძინა, რომ საერთო ჯამში 4-4,5 მლნ კუბამეტრი ბუნებრივი აირი საკამრისი იქნება თბილისის მოსახლეობის გაზით სრულად მომარაგებისთვის.


ექსპერტების თქმით,  4 მილიონი კუბური მეტრი გაზი ის მაქსიმალური რაოდენობაა, რომლის გატარებაც აზერბაიჯანი-საქართველოს გაზსადენის მეშვეობითაა შესაძლებელი.


“ამ გაზსადენს ძალიან დიდი ხანი არ უმუშავია და თუ ის მთელი დატვირთვით ამოქმედდება, რომლის დროსაც 4 მილიონი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი, მისი ტექნიკური დაზიანების რისკი გაიზრდება“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ექსპერტმა ენერგეტიკის დარგში თემურ გოჩიტაშვილმა.


ამის თაობაზე ზოგიერთი ოფიციალური პირი უკვე აკეთებდა განცხადებას.


“ამ გაზსადენს დიდი ხანია არ უმუშავია და შესაძლოა რაიმე ტექნიკურ ხარვეზს ჰქონდეს ადგილი“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ჩეჩელაშვილმა 22 იანვარს.


თბილისის მომხმარებელს, ასევე მე-9 და მე-4 ენერგობლოკების მუშაობას ყოველდღიურად 4 მილიონი კუბური მეტრი გაზი ესაჭიროება. მთლიანად საქართველოს, თბილისის ჩათვლით, სულ ცოტა 7 მილიონი კუბური მეტრი გაზი სჭირდება ყოველდღიურად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version