საგარეო უწყება ზუგდიდის რაიონში მომხდარ ინციდენტს აპროტესტებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოთქვამს დღეს გამთენისას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონის სიახლოვეს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში სროლების დაფიქსირების გამო და მიმართავს გაერო-ს დამკვირვებელთა მისიას მიიღოს სათანადო ზომები გალის რაიონში განვითარებული მოვლენების შესწავლისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 3-საათზე, გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში რუსეთის სამშვიდობო ძალების N208 პოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული ე.წ. აფხაზური მილიციის საგუშაგოდან ავტომატური იარაღის, ტყვიამფრქვევებისა და ნაღმტყორცნების გამოყენებით დაიცხრილა ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში განლაგებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს N214 საგუშაგო. სროლა გაგრძელდა დაახლოებით 20-25 წუთი, რომელსაც ამჯერად მსხვერპლი არ მოჰყოლია.


„უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ეს არის მესამე შემთხვევა, როდესაც აფხაზი ე.წ. მილიციელების მიერ ცეცხლი გაიხსნა რუსეთის სამშვიდობო ძალების მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს შსს ქვედანაყოფების მიმართულებით, რასაც სამწუხაროდ „მშვიდობისმყოფელების“ მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, რიგ შემთხევებში კი ისინი აშკარად ხელს უწყობდნენ სეპარატისტთა უკანონო მოქმედებებს“, – ნათქვმია საგარეო უწყების მიერ 21 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version