სხეფერი: ნატოს არ სურს პირდაპირ ჩაერთოს საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაში

ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან 28 ნოემბერს ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნატო თვალს ადევნებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების ზონებში მიმდინარე მოვლენებს, ალიანსს “არ სურს პირდაპირ ჩაერთოს ამ პროცესში“.


მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააცნო ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს თბილისის სამოქმედო გეგმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს აფხაზეთის კონფლიქტის საკითხიც იქნა განხილული.


“ნატო არ ეძებს რაიმე როლს ამ პროცესში… ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრმა თბილისის წინადადება [სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით] ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს წარუდგინა. ნატო ინტერესით ადევნებს ამას თვალყურს, თუმცა არ ეძებს პირდაპირ როლს ამ პროცესში“, – განაცხადა სხეფერმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version