საგარეო უწყება გალში საგუშაგოს უკანონოდ გახსნას აპროტესტებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 18 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში პროტესტს გამოთქვამს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგუშაგოს გახსნის გამო.


სამინისტროს ინფორმაციით, საგუშაგო, რომელიც  აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ცალმხრივი გადაწყვეტილებით გაიხსნა, რუსეთის 209-ე სამშვიდობო ბატალიონიდან 30 მეტრის დაშორებით მდებარეობს და დაკომპლექტებულია 15-20 კაციანი შეიარაღებული ჯგუფით.


“ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსი სამშვიდობო კონტინგენტის მიერ კონტროლირებად უსაფრთხოების ზონაში, აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი აგრძელებს თვითნებურ მოქმედებებს… ამან არ შეიძლება აღშფოთება არ გამოიწვიოს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ 18 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.


საგარეო უწყება მიმართავს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში და დსთ–ს სამშვიდობო ძალების სარდალს მიიღონ სათანადო ზომები უსაფრთხოების ზონაში უკანონო მოქმედებების აღკვეთის მიზნით.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version