ბურჯანაძე დსთ-თან დაკავშირებულ პოზიციაზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საქართველო ძალიან ფრთხილი უნდა იყოს და ზედმიწევნით განიხილოს დსთ-დან გამოსვლის საკითხი გადაწყვეტილების მიღებამდე. მან ასევე აღნიშნა, რომ დსთ-დან გამოსვლამ შესაძლოა უარყოფითი  შედეგები მოუტანოს საქართველოს ეკონომიკას.


“ეს არ უნდა იყოს ემოციური გადაწყვეტილება. დსთ-დან გამოსვლამ შესაძლოა გარკვეული ეკონომიკური პრობლემები გამოიწვიოს, მათ შორის ჩვენი პროდუქციის რუსულ ბაზარზე ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემები… მეორე მხრივ, არა მარტო ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც მზად უნდა იყოს გაიზიაროს პასუხისმგებლობა შესაძლოა ნეგატიურ შედეგებზე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 22 ნოემბერს ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში.


“ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ ეს ჩვენ რაიმე სარგებელს მოგვიტანს და არა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ნაბიჯი ცალკეულ პოლიტიკურ ძალებს პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს“, – დასძინა მან.


ცოტა ხნის წინ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ “წინადადება დსთ-დან გამოსვლის საკითხის განხილვის დაწყებაზე აბსოლუტურად მისაღებია. მაგრამ, ჩვენ [საპარლამენტო უმრავლესობას] დამატებითი კონსულტაციები დაგვჭირდება, მათ შორის პრეზიდენტთან, ამ საკითხის გარშემო“.


ბურჯანაძის ამ განცხადებას წინ უძღოდა დეპუტატ დავით ბერძენიშვილის წინადადება, რომელმაც მმართველი პარტიის დეპუტატებს ქვეყნის დსთ-დან გამოსვლის საკითხზე მსჯელობის დაწყება სთხოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version