სასამართლომ ცსკ–ს რეფერენდუმზე გადაწყვეტილების ხელახლა მიღება დაავალა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) უარყოფითი გადაწყვეტილება მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევითობასთან დაკავშირებით სარეფერენდუმო წინადადების რეგისტრაციის თაობაზე ბათილად ცნო და საკითხის განხილვა ცსკ–ს ხელახლა დაავალა.


ოპოზიციური პარტია “რესპუბლიკელების“, მოძრაობა “სახალხო ფორუმისა“ და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საინიციტივო ჯგუფმა ცსკ–ს სარეფერენდუმო წინადადებით 8 სექტემბერს მეორედ მას შემდეგ მიმართა, რაც პირველ მცდელობაზე 15 ივლისს უარი მიიღო რეგისტრაციაზე.


8 ოქტომბერს ცსკ–მ საინიციატივო ჯგუფს მეორედ უთხრა მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევის შესახებ სარეფერენდუმო წინადადების რეგისტრაციაზე უარი იმ მოტივით, რომ საკითხი არ იყო განსაკუთრებული მნიშვნელობის და მკაფიოდ ჩამოყალიბებული.


საინიციატივო ჯგუფმა სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომ ბათილად ეცნო ცსკ–ს აღნიშნული გადაწყვეტილება და რეგისტრაციაში გაეტარებინა სარეფერენდუმო წინადადება.


“სასამართლომ ჩვენ ნაწილობრივ დაგვიკმაყოფილა მოთხოვნა და არასაკმარისად არგუმენტირებულად ცნო ცსკ–ს გადაწყვეტილება, რაც დადებითი მომენტია, თუმცა სამწუხაროა ის, რომ რეფერენდუმის დანიშვის პროცესი დროში იწელება“, – განუცხადა 17 ოქტომბერს “სივილ ჯორჯიას“   “სახალხო ფორუმის“  წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა.


ამდენად, ცსკ–ს ან მესამედ მოუწევს ორჯერ უკვე უარყოფითად გადაწყვეტილ საკითხზე მსჯელობა ან საქალაქო სასამართლოს განაჩენს ზემდგომ სასამართლოში გაასაჩივრებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version