სააკაშვილი არჩევნების წინ აჭარაში დაპირებებს იძლევა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობას 30 სექტემბერს მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რათა საშუალება მიეცეს მთავრობას უფრო აქტიურად განავითაროს რეგიონის ინფრასტრუქტურა. 


სააკაშვილი ახალი გვირაბის გახსნის ცერემონიაზე გამოვიდა სიტყვით, რომელიც ქობულეთსა და ბათუმს შორის არსებულ მანძილს თითქმის გაანახევრებს. მას თან ახლდა დეპუტატობის ორი კანდიდატი მმართველი პარტიიდან – კობა ხაბაზი და ჯემალ ინაიშვილი, რომლებიც, შესაბამისად, ქობულეთის და ბათუმის საარჩევნო ოლქებში იყრიან კენჭს 1 ოქტომბერს დაგეგმილი მაჟორიტარული არჩევნების დროს.


“პირობას ვდებ, რომ გზები გარემონტდება, მოხდება წყლით მომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და სკოლების რეკონსტრუქცია აჭარაში ჩემი პრეზიდენტობის პირველი ვადაში [2009 წლამდე]… თქვენ გექნებათ 24-საათიანი ელექტრომომარაგება… და ეს არ არის მხოლოდ ცარიელი დაპირებები. ყველაზე ძალიან მიყვარს, როცა ჩემს დანაპირებს ვასრულებ. მე დაგპირდით, რომ ამ გვირაბს გავხსნიდი სექტემბრის ბოლოს.. ჩვენ ეს გავაკეთეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“ზოგიერთები ამბობენ, რომ ჩვენ ამას მხოლოდ არჩევნებისთვის ვაკეთებთ. მაგრამ ჩვენ ვმუშაობდით ერთი წელი არჩევნებამდე, სამი თვე  არჩევნებამდე, ერთი დღე არჩევნებამდე, ჩვენ ვიმუშავებთ არჩევნების დღესაც და მის შემდეგაც განვაგრძობთ მუშაობას, თუ იქნება თქვენი მხარდაჭერა“, – დასძინა მან.


მისი თქმით, პრიორიტეტი იქნება უფრო მეტი ტურისტების მოზიდვა აჭარაში. “ჩვენ ფასადებს ვცვლით შენობებზე, ლამაზ შადრევნებს ვხსნით ბათუმში და ეს იმიტომ კეთდება, რომ აჭარა უფრო ლამაზ ადგილად გადავაქციოთ… მომავალ წელს გაიხსნება პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა ერევანსა და ბათუმს შორის, ასევე დაიწყება პირდაპირი ფრენების განხორციელება ერევანსა და ბათუმს შორის მომავალი წლიდან… ეს ყველაფერი კეთდება, რომ მოვიზიდოთ მეტი ტურისტები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version