რუსეთი მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთში არსებულ სამშვიდობო ფორმატს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვალერი ლოშჩინინი 19 სექტემბერს რუსეთში აშშ-ს ელჩს უილიამ ბერნსს შეხვდა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განვითარებული მოვლენები განიხილა, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში  ნათქვამია, რომ უნდა განიმუხტოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული დაძაბული ვითარება “არსებული მექანიზმის – შერეული საკონტროლო კომისიის და შერეული სამშვიდობო ძალების ფარგლებში მუშაობის გააქტიურების გზით. ნებისმიერი მცდელობა მოლაპარაკებების არსებული ფორმატის დასუსტებისა კონტრპროდუქტიული იქნება“.


რუსეთის მხარე “მხარს უჭერს შსკ-ს მუშაობის გაძლიერებას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია [საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ] ნოღაიდელსა და [სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ] კოკოითს შორის მოლაპარაკებების გამართვის განხილვა“,–  იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.


ამავე საინფორმაციო შეტყობინებით, აშშ-ს დიპლომატმა შეშფოთება გამოხატა რეგიონში დაძაბულობის ზრდის გამო და ისაუბრა ამერიკის მზადყოფნაზე თავისი წვლილი შეიტანოს დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version