ედუარდ კოკოითი შესაძლო პროვოკაციების თაობაზე საუბრობს

რუსულ გაზეთ “ვრემია ნოვოსტეი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 16 სექტემბერს გამოქვეყნდა, სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ქართული სპეცსამსახურები ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების ორგანიზებაში დაადანაშაულა, რაც, მისი თქმით, კონფლიქტის პროვოცირებას ისახავს მიზნად 20 სექტემბერს “სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის“ 15 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების წინ.


“ჩვენ შეშფოთება უნდა გამოვხატოთ საქართველოს მილიტარიზაციის გამო. საქართველო ყველაზე მილიტარიზირებული ქვეყანაა პოსტ-საბჭოთა სივრცეში… ჩვენ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით ჩვენი შეიარაღებული ძალები 50%-ით შევამცირეთ. იმ პროვოკაციების უკან, რომლებიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ხდება, მათ შორის ხალხის გატაცებების უკან ქართულ სპეცსამსახურები დგანან. ამჟამად, ეს სპეცსამსახურები ტერორისტულ აქტებს გეგმავენ ქართველი სამხედროების წინააღმდეგ [კონფლიქტის ზონაში განლაგებული ქართველი სამშვიდობოების წინააღმდეგ] ჩვენს ტერიტორიაზე კონფლიქტის პროვოცირების მიზნით. თუმცა, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას დღესასწაული ჩაგვიშალოს [რომელიც 19-20 სექტემბერს იგეგმება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო დამოუკიდებლობის აღსანიშნავად]“, – განაცხადა ედუარდ კოკოითმა.


მისი თქმით, სამხრეთ ოსეთი ელის დელეგაციებს რუსეთიდან, დნესტრისპირეთიდან და აფხაზეთიდან.


“აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ჩამოვა [ცხინვალში] 18 სექტემბერს. ჩვენ ხელს მოვაწერთ შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ … რომელიც ძირითადად შეეხება თანამშროლობას ეკონომიკის, კულტურის და მეცნიერების სფეროში“,– დასძინა მან.


მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები არ შეცვლილა და საერთაშორისო აღიარება და ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთება თვითგამოცხადებული რეგიონის მთავარ მიზანს წარმოადგენს.


კოკოითის განცხადებით, თბილისის სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც სამხრეთ ოსეთისთვის საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში ფართო ავტონომიას ითვალისწინებს, “კონსტრუქციოლობა აკლია“ და უფრო “პიარ–კამპანიას ჰგავს“ დასავლეთის ქვეყნების გულის მოსაგებად.


“საკმარისია დასავლეთისთვის პიარის კეთება. დასავლეთში კი არიან ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართველი და ოსი ხალხის დაპირისპირებით… საკმარისია იმ ხალხის აზრის მოსმენა, რომელთაც არაფერი იციან ჩვენი მენტალიტეტის, ჩვენი ურთიერთობების შესახებ“, – განაცხადა კოკოითმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version