ათასწლეულის შეთანხმება საქართველოს გაზსადენების პრივატიზებას უკრძალავს

აშშ-ს და საქართველოს შორის “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, საქართველოს იღებს ვალდებულებას შეთანხმების ვადის ამოწურვამდე – 2010 წლამდე არ გაყიდოს ცენტრალური მაგისტრალური გაზსადენი.


საქართველოს მთავრობას ასევე არ აქვს უფლება გაყიდოს საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის აქციების საკონტროლო პაკეტი.


“მთავრობამ არ უნდა გაყიდოს ან გადასცეს, ან ნებართვა გასცეს გაყიდვაზე ან გადაცემაზე, გაზსადენის და/ან საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის (ან მისი შვილობილი კომპანიების) აქციების საკონტროლო პაკეტი და ასევე არ უნდა გასცეს გირაოს უფლება ნავთობსადენზე შეთანხმების ვადის ამოწურვამდე, გარდა იმ გამონაკლისისა, რომ შეათანხმოს ეს კორპორაციასთან წერილობით“, – ნათქვამია შეთანხმებაში.


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 49.5 მილიონი აშშ დოლარი მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისთვის გამოყო.


საქართველოს პრეზიდენტმა 2005 წლის თებერვალში განაცხადა, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები რუსეთის ენერგოკომპანია “გაზპრომ“-თან ცენტრალური გაზსადენის პრივატიზების თაობაზე. აშშ-მ მოუწოდა საქართველოს სიფრთხილე გამოიჩინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.


შედეგად, ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის გამართული კონსულტაციების დროს, რომელიც დახმარების პრიორიტეტებს ეხებოდა, გადაწყდა 49,5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის მიზნით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version