“გაზპრომი“ საქართველოს გაზს 2006 წლიდან ევროპულ ფასებში მიაწვდის

7 სექტემბერს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურისა და კომპანია “გაზპრომის“ წარმომადგენლების მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე გაირკვა, რომ “გაზპრომი“ 2006 წლიდან საქართველოსთვის ბუნებრივი აირის ფასს ევროპის სტანდარტების შესაბამისად გააძვირებს, თუმცა ჯერ–ჯერობით უცნობია რამდენით გაიზრდება დღეს მოქმედი ფასი – 1 000 კუბურ მეტრზე 62,5 აშშ დოლარი.


დასავლეთ ევროპის ქვეყნებს “გაზპრომი” გაზს 1 000 კუბურ მეტრზე 110 აშშ დოლარად აწვდის.  


“ყველაფერი დღეს ენერგეტიკის მინისტრის [ნიკა გილაურის] თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გაირკვევა“, – აცნობეს “სივილ ჯორჯიას“ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროში.


“გაზპრომის“ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის ტრანზიტის გადასახადს საქართველო ფულადი სახით მიიღებს. ამასთან, სატრანზიტო ტარიფი უნდა განისაზღვროს საერთაშორისო ნორმებიდან გამომდინარე. 


ასევე “გაზპრომი“ საქართველოსგან დავალიანების 2006 წლის 1 იანვრამდე დაფარვას მოითხოვს, რაც საჯარიმო სანქციების ჩათვლით საერთო ჯამში 12 მლნ დოლარს შეადგენს.


“გაზპრომის” პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ 19 სექტემბრამდე ქართული მხარე “გაზპრომს“ წარუდგენს მომდევნო 10 წლის განმავლობაში გაზზე მოთხოვნილების ბალანსს, დაგროვილი ვალის დაფარვის გრაფიკს და წინადადებებს საქართველოს ტერიტორიაზე “გაზპრომის“ საინვესტიციო ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობის თაობაზე.  


“გაზპრომი” საქარველოში ბუნებრივი აირის ძირითადი მომწოდებელია. 2003 წლის ივლისში “გაზპრომსა” და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ 25–წლიანი შეთანხმება.


“ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ იგი “გაზპრომს” სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს და მზად არის მასთან გრძელვადიანი ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისთვის”, აცხადებს “გაზპრომი”.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version