აზერბაიჯანში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

30 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე მერაბ ჯიბუტი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 26 აგვისტოს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, იტყობინება ქართული და აზერბაიჯანული მედია.


აზერბიაჯანის უშიშროების სამსახურის ვარაუდით, მერაბ ჯიბუტს კავშირი აქვს რუსლან ბაშირლისთან, ახალგაზრდული ორგანიზაცია “იენი ფიკირის“ ხელმძღვანელთან, რომელიც 3 აგვისტოს დააპატიმრეს აზერბაიჯანში გადატრიალების მომზადების ბრალდებით.


ქართული და აზერბაიჯანული მედია ასევე იუწყება, რომ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი ბათუ ქუთელია ეწვია და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. დაზვერვის სამსახურმა დაადასტურა ქუთელიას ბაქოში ვიზიტი.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე უარყო, რომ შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილი 15 აგვისტოს აზერბაიჯანში იმყოფებოდა. თუმცა, აზერბაიჯანული სახელმწიფო სააგენტო  “აზერტაგის“ ცნობით, მერაბიშვილი ალიევს შეხვდა.


ვიზიტის დეტალები უცნობია, თუმცა ქართული მედია ვარაუდობს, რომ ორივე ვიზიტი – მერაბიშვილის და ქუთელიას – აზერბაიჯანში დაგეგმილი გადატრიალების მოწყობის გამოძიებას უკავშირდებოდა.


აზერბაიჯანის ოპოზიციის განცხადებით, ბრალდება გადატრიალების მცდელობის თაობაზე პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და სიმართლეს არ შეეფერება, ხოლო ბაშირლის პოლიტიკურ პატიმარს უწოდებენ. დაპატიმრებული რუსლან ბაშირლი ასევე უარყოფს ბრალდებებს.


აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, რუსლან ბაშირლი სომხეთის სპეცსამსახურის აგენტს თბილისში შეხვდა ივლისის ბოლოს. შეხვედრისას, რომელშიც ასევე მონაწილეობდა მერაბ ჯიბუტი, ბაშირლიმ 2,000 აშშ დოლარი მიიღო სომეხი აგენტისგან.


აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მერაბ ჯიბუტი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს, რადგანაც მას საბუთები არ გააჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯიბუტს ჰქონდა ახალგაზრდული ორგანიზაცია “იენი ფიკირის“ რამდენიმე აქტივისტის საკონტაქტო ინფორმაცია.


გაუგებარია, თუ რატომ მიდიოდა ჯიბუტი აზერბაიჯანში. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ჯიბუტი რუსლან ბაშირლისთან შეხვედრას გეგმავდა. თუმცა მისი დაკავების მომენტში  – 26 აგვისტოს  – ბაშირლი უკვე დაპატიმრებული იყო აზერბაიჯანული სპეცსამსახურების მიერ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version