მოძრაობა “კმარას“ ორ აქტივისტს მინსკში პატიმრობა შეუფარდეს







გიორგი კანდელაკი (მარცხნივ) და ბელარუსის
ოპოზიციის ლიდერი ანატოლი ლებედკო თბილისში,
აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვიზიტის დროს,
10 მაისი, 2005.
მინსკის სასამართლომ მოძრაობა “კმარას“ ორ აქტივისტს გიორგი კანდელაკსა და ლუკა წულაძეს 15–დღიანი პატიმრობა შეუფარდა ხულიგნობის მოტივით, იუწყება 29 აგვისტოს რადიო “თავისუფლების“ მინსკის სამსახური.

საქართველოს ორი მოქალაქე 24 აგვისტოს აიყვანეს ბელარუსის სამართალდამცველებმა ბელარუსის ახალგაზრდული მოძრაობა “ზუბრის“ კოორდინატორ ვლადიმერ კობეცთან ერთად. თუმცა, დაკავებიდან ცოტა ხნის შემდეგ კობეცი გაათავისუფლეს. მისი თქმით, ეს დაპატიმრება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.


ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ბელარუსის ხელისუფლება კენდელაკისა და წულაძის დეპორტაციას 26 აგვისტოს გეგმავდა.


25 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ბელარუსის მხარის მიერ საქართველოს მოქალაქეების უსაფუძვლო დაკავება და მიიჩნია რა ამგვარი ქმედება პროვოკაციად, “კატეგორიულად მოითხოვა მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება”.


27 აგვისტოს ყაზანში გამართულ პრეს–კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ასევე მოითხოვა ბელარუსის ხელისუფლებისაგან საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version