სააკაშვილი პუტინს არაფორმალურ ვითარებაში შეხვდა

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამიტის მეორე დღეს, 27 აგვისტოს ყაზანში გამართულ დოღზე, რომელსაც დსთ–ს ქვეყნების ლიდერები დაესწრნენ, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს. ვლადიმერ პუტინი მიესალმა საქართველოსათან თანამშრომლობას დსთ–სა და ორმხრივ ფორმატში, იუწყება “რია ნოვოსტი“.


“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სალაპარაკო გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის შესახებაც“, განაცხადა პუტინმა.


მიხეილ სააკაშვილმა პირადად გადაუხადა რუს კოლეგას მადლობა იმ “პოლიტიკური ვაჟკაცობისათვის“, რაც პუტინმა საქართველოდან ორი რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხისადმი გამოიჩინა. სააკაშვილის განცხადებით, ბაზების გაყვანის პირველი ეტაპის შემდეგ რუსულ–ქართულ ურთიერთობებში ახალი პერსპექტივები გაჩნდა.


ორ ქვეყანას შორის ფუნდამენტური პრობლემები “არ შექმნილა არც თქვენი და არც ჩემი მმართველობის დროს… თქვენ და მე შეგვიძლია მათი გადაწყვეტა“, განაცხადა სააკაშვილმა პუტინთან საუბრისას.


რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს სტიქიით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციაში.


“თუ ჩვენგან საჭირო გახდა ოპერატიული დახმარება, ყოველთვის მზად ვართ დასახმარებლად“, დასძინა ვლადიმერ პუტინმა.

“რია ნოვოსტის“ ცნობით, ცოტა ხნის წინ საქართველოში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგების აღმოსაფხვრელად რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს დახმარება შესთავაზა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version