ბარანკევიჩი სამხრეთ ოსეთის თავდაცვის პრიორიტეტებზე საუბრობს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი ანატოლი ბარანკევიჩი 27 ივლისს ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტთან ინტერვიუში არაღიარებული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ცალკეულ პრიორიტეტებზე საუბრობს.


მისი თქმით, სამხრეთ ოსური შეიარაღებული ძალების გამოცდილება “საგრძნობლად“ გაიზარდა გასული წლის აგვისტოში ქართულ ჯარებთან შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ.


“ჩამოყალიბდა თავდაცვის სამინისტროს სტუქტურული მოდელი. თითოეულმა [სამხედრო] დანაყოფმა საკუთარი მიზანი იცის. ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობთ ჯარისკაცების ინდივიდუალურ მომზადებას და მცირე ჯგუფების მოქმედების ტაქტიკას. დიახ, ჩვენ რიცხობრივად ჩამოვრჩებით ქართველებს, მაგრამ მთიანი და ტყით დაფარული ლანდშაპტის პირობებში ჩვენ შეგვიძლია უკუვაგდოთ [შევუტიოთ] ისინი არსებული ძალებით“, აცხადებს ანატოლი ბარანკევიჩი.


მისი განცხადებით, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რუსეთთან დამაკავშირებელი როკის გვირაბის დაცვა ერთ–ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.


“სამხედრო კონფრონტაციის შემთხვევაში, როკის გვირაბის დაკავება ქართული არმიის მთავარი ამოცანა იქნება. მინდა ვთქვა, რომ ისინი ამას ვერასოდეს გააკეთებენ. გვირაბი საიმედოდ არის დაცული. ჩვენ მას არავის არასოდეს არ დავუთმობთ. ეს გვირაბი გვაკავშირებს ჩვენს ძმებთან  – ჩრდილოეთ ოსეთთან და რუსეთთან“, აცხადებს ბარანკევიჩი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version