სააკაშვილი გორის ტერაქტის გახსნას მიესალმება

პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა ქართული კონტრდაზვერვის მიერ გორის ტერაქტში სამი ეჭვმიტანილის დაკავებას. სააკაშვილის თქმით, მიუხედავად სამხილებისა, რომელიც რუსული სპეცსამსახურების ტერორისტულ აქტში მონაწილეობას ადასტურებს, საქართველოს “არ სურს რუსეთთან თანამშრომლობა კონფრონტაციული გზით წავიდეს“.


“მე ვიცი, რა რთული იყო [დაკავების] ოპერაცია, რომელიც [სამხრეთ ოსეთის] კონფლიქტის ზონაში მძიმე პირობებში ჩატარდა… დიდი დრო წაიღო ტერორისტული აქტის შემსრულებელთა დადგენამ და უფრო მეტი ტერორისტების დაკავებამ“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


პრეზიდენტმა ეს განცხადება შს მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან და ყველა იმ სამსახურების ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს გააკეთა, რომლებმაც “ქვეყნის ისტორიაში პირველი კლასიკური [გორის] ტერაქტის” გახსნაში წვლილი შეიტანეს.


“მიუხედავად იმისა, რომ [ტერაქტში] სხვა ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობა იკვეთება და ჩვენ გვაქვს ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი და ინფორმაცია, ჩვენ არ გვინდა ეს  კონფრონტაციისთვის გამოვიყენოთ. ჩვენ არ გვინდა რუსეთთან ამ სფეროში თანამშრომლობა კონფრონტაციული გზით წავიდეს. ჩვენ გვსურს რუსეთთან, მის შესაბამის სამსახურებთან და რუსეთის მთავრობასთან  გვქონდეს სრული თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძლოლის საქმეში. რადგან ამ ხალხმა [ტერორისტებმა] დაარტყეს არა მარტო საქართველოს, არამედ ეს ხალხი წარმოადგენს უდიდეს პრობლემას რუსეთისთვისაც“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


მისი თქმით, გორის ტერაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ  “უკონტროლო ზონები ძალიან საშიშია“.  “მინდა ამ [ცხინვალის] რეგიონის ჩვენმა  მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ჩვენ არ გვინდა ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია. ჩვენ  მხოლოდ მშვიდობიანი დიალოგი გვსურს“, განაცხადა სააკაშვილმა.


“მინდა გავაფრთხილო ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება,  რომ თავი შეიკავოს პროვოკაციებისაგან. პროვოკაციებს გაეცემა პასუხი, მაგრამ ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობიანი დიალოგი“, განაცხადა პრეზიდენტმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version