შსს ხელყუმბარის ინციდენტში ეჭვმიტანილთან კიდევ ერთ ინტერვიუს ავრცელებს







ვლადიმერ არუთუნიანი საავადმყოფოში.
ფოტო: შსს
23 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) ქართული ტელეკომპანიების მეშვეობით გაავრცელა მოკლე ინტერვიუ ვლადიმერ არუთუნიანთან, სადაც ის კიდევ ერთხელ იმეორებს აღიარებით ჩვენებას, რომ პრეზიდენტ ბუშის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა ჰქონდა მაშინ, როცა აშშ–ს პრეზიდენტი 10 მაისს სიტყვით მიმართავდა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს.

ინტერვიუ ჩაწერილია საავადმყოფის ოთახში, სადაც 20 ივლისს პოლიციასთან შეტაკებისას დაჭრილი არუთუნიანი იმყოფება. ამჯერად ინტერვიუში ეჭვმიტანილი რუსულად საუბრობს: “ხელყუმბარის გადაგდებას ტყვიაგაუმტარ შუშებს შორის ვცდილობდი, საიდანაც ხელყუმბარის ნამსხვრევებს ბუშამდე უნდა მიეღწია“, განაცხადა არუთუნიანმა.


არუთუნიანს 22 ივლისს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში უშიშროების თანამშრომლის ზურაბ ქვლივიძის განზრახ მკვლელობაში წაუყენეს.  ქვლივიძე არუთუნიანსა და პოლიციას შორის გამართულ ორმხრივ სროლას ემსხვერპლა.


21 ივლისს შსს–ს მიერ გავრცელებულ ასევე მოკლე ინტერვიუში არუთუნიანი ადასტურებს, რომ სწორედ მან ისროლა ხელყუმბარა. შს პრესსამსახურის უფროსის გურამ დონაძის შეკითხვაზე: “თქვენ ისროლეთ ხელყუმბარა?“, არუთუნიანი პასუხობს: “კი”.


შეკითხვაზე, რატომ გააკეთეთ ეს, ეჭვმიტანილი იწყებს პასუხს: “იმიტომ, რომ ბუშის…“ და ვიდეომასალის ხმა გაბმული სიგნალით იფარება უცენზურო გამონათქვამების გადაფარვის მიზნით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version