თბილისი სოხუმს ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას სთავაზობს

ქართული მხარე თვითგამოცხადებული აფხაზეთის ხელისუფლებას ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებას სთავაზობს, განაცხადა ტელეკომპანია “რუსთავი 2“–ის ეთერით კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ.


თბილისში დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც აფხაზურმა მხარემ ბოიკოტი გამოუცხადა,  განცხადების პროექტი გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობარი ქვეყნების  (საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ) ჯგუფის წარმომადგენლებს გადაეცათ. 


“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტა სურს.  ვითვალისწინებთ რა ასევე აფხაზი საზოგადოების მოთხოვნას, გადავწყვიტეთ წარმოვადგინოთ ეს ერთობლივი განცხადება“,  განაცხადა ხაინდრავამ.


აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ, რომელიც ქართულ–აფხაზურ მოლაპარაკებებში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელიცაა, 22 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  დოკუმენტი ასევე მოიცავს დევნილთა აფხაზეთში უსაფრთხო დაბრუნების საკითხს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version