შსს მიერ ხელყუმბარის ინციდენტეზე დაწესებული ჯილდო რამოდენიმე მოქალაქეზე განაწილდება

შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, რამოდენიმე მოქალაქე, რომელთა ვინაობაც კონფიდენციალური დარჩება, დაეხმარა გამოძიებას ბუშის ვიზიტისას ნასროლი ხელყუმბარის ინციდენტში ეჭვმიტანილის გამოვლენაში. შედეგად, 150 ათას ლარიანი ჯილდო, მერაბიშვილის განცხადებით, რამოდენიმე მოქალაქეზე განაწილდება. 


“150 ათას ლარიანი ჯილდო განაწილდება რამოდენიმე ადამიანზე, რომლებიც დაეხმარენ სამართალდამცავებს ეჭვმიტანილის დაკავებაში. მომდევნო ათი დღის მანძილზე, სპეციალური კომისია გაარკვევს თითოეული ამ ადამიანის წვლილს და 150 ათასი ლარი ამ ადამიანებზე პრემიიის სახით მათი დამსახურების მიხედვით განაწილდება“, განაცხადა 21 ივლისს გამართულ ბრიფინგზე მერაბიშვილმა, თუმცა არ დააკონკრეტა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა.


შს მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. “მე სხვა დეტალებზე საუბრისაგან თავს შევიკავებ“, დასძინა მინისტრმა.  


ვლადიმერ არუთუნიანი, რომელიც  20 ივლისს პოლიციასთან ორმხრივი სროლის შედეგად დააკავეს, ეჭვმიტანილია ხელყუმბარის სროლაში, რომელიც 10 მაისს თავისუფლების მოედანზე პრეზიდენტ ბუშის სიტყვით გამოსვლის დროს განხორციელდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version